designtbilisi BPG Classic სერიის ფონტი სპეციალურად შეიქმნა... -

BPG Classic სერიის ფონტი სპეციალურად შეიქმნა კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და განსაკუთრებით ინტერნეტის შესაძლებლობათა ქართული დამწერლობის მიმართ გამოცდისათვის - “ვების ანუ ეკრანული ტიპოგრაფიისათვის”. იგი ამ თვალაზრისით საცდელ ბაზას წარმოადგენს და განვითარების სტადიაშია.

მისი შექმნისას, “ეკრანული ტიპოგრაფიის” თავისებურებათა გათვალისწინებით, მიზნად დავისახეთ:

ერთი მხრივ -აღგვედგინა ასოთა ტრადიციული ქართული კალიგრაფიისათვის დამახასიათებელი პროპორციები - რომლებიც ფრიად უახლოვდებოდნენ ანტიკურ ‘ოქროს კვეთისას’. ამასთანვე, შევეცადეთ პროპორციები არა მხოლოდ ერთეულ ასოზე - არამედ, ასოთა მიმდევრობაზეც გავრცელებულიყო:
 
 
 
პროპორციების თვალსაზრისით, ქართული დამწერლობის ტრადიცია პრინციპულად განსხვავდება ევროპულისაგან. დააკვირდით ქვემოთა ნახაზებს, ქართულს ლათინურთან შედარებით გაცილებით - თითქმის ორჯერ უფრო პატარა “თვალი” აქვს - შედარებულია BPG Classic-თან და “ჩვეულებრივთან”. ამავე დროს, ლათინურის შედარებით რთული “ეი” ასოს “შიგა თვალი” და “ჯი” ასოს “თვალი” პროპორციებით უკვე ქართულს უახლოვდება -
 
 
 
ხოლო მეორე მხრივ -გაგვემდიდრებინა ფონტი იმ ახალი სპეციფიური შესაძლებლობებით რომელსაც კომპიუტერული ტექნოლოგია იძლევა.


ფონტის ძირითადი დამახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშნებია -

პროპორციულობა:

გამჭოლი პროპორციულობა. ფონტის პრაქტიკულად ყველა ასო ჯდება ზოგადი პროპორციის ჩარჩოში.
 
 
 
კომპაქტური და მრგვალი “თვალი”. ასოს “თვალი” ასოს მთელ სიგრძესთან შედარებით გაცილებით პატარაა და თითქმის იდეალურ წრეს წარმოადგენს.
 
 
 
ვერტიკალური დომინანტა. ასოები გაცილებით მოგრძოა ვინემ უმეტეს ქართულ (და მით უმეტეს ლათინურ) შრიფტებში და უახლოვდება “გორდა”-ს პროპორციებს.
სისქე (სიმუქე). ასოებს ყველა სხვა ქართულ შრიფტისაგან გამორჩეულად თხელი და თანაბარი სისქის კედლები აქვთ.

ტექნოლოგიურობა:

მოდულურობა. ასოები უნიფიცირებული (და ამდენად განმეორებადი) მოდულებისაგან შედგება.
 
 
 
მოდულურობის კიდევ ერთი ხედი:
 
 
 
ალტერნატიული ასოები. ფონტში ჩართულია ალტერნატივები იმ ასოებისათვის რომლებისთვისაც ასეთი ტრადიცია ქართულ კალიგრაფიაში არსებობს - დ, ლ, ო, რ. აგრეთვე არის ალტერნატივა ზ, უ, შ და წ ასოებისათვის სიტყვის შუაში და თავ- ბოლოში გამოსაყენებლად.
 
 
 
ცოცხალი მაგალითები: øუშა, აù, ñინზილა, დóðო, ლაòი, ტიõე, არაფეôი, öგულო, ÷ტუ.

ერგონომიულობა:

ფონტს პატარა ზომებისათვის (8, 10, 12 და 14 პუნქტი) გააჩნია ბიტმაპი, რაც მკაფიო, მკვეთრ გამოსახულებას იძლევა ეკრანზე. ეს კი მნიშვნელოვნად ზრდის ფონტის გარჩევადობას, ამცირებს თვალის დაღლილობას და ამაღლებს შრომის მწარმოებლურობას (არაფერი რომ ვთქვათ ესთეტიურობაზე). ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინტერნეტში სადაც ინფორმაციის მომზადებაც და გამოყენებაც (მოხმარება) უმთავრესად დისპლეის ეკრანის მეშვეობით ხდება. ბიტმაპის ჩასართავად გამოყენებული იქნა Microsoft-ის უსასყიდლო [free] პროგრამული უზრუნველყოფა.

ეკონომიურობა:

BPG Classic სხვა ქართულ ფონტებთან შედარებით 10-15%-ით უფრო ეკონომიურია - როგორც ეკრანზე, ასევე, ქაღალდზეც (ამ ნახატზე იგი შედარებულია 12 pt პოპულარულ ქართულ შრიფტებთან).
 
 
 
კიდევ უფრო ეკონომიურია BPG Classic თუ ალტერნატიულ ასოებს გამოვიყენებთ:
 
 
 
BPG Classic-ს ამჟამად არ აქვს კერნინგი - იგულისხმება, რომ იგი ზომიერადაა დაბალანსებული რათა უმეტეს შემთხვევაში ასეც საკმარისად ესთეტიური იყოს.

თანამედროვე კომპიუტერული ტიპოგრაფიის თვალსაზრისით BPG Classic ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისაგან - მისი მთავარი ნაკლია:

] უმარტივესი და არასაკმარისი ჰინტირება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა 16-20 pt ეკრანული ზომებისათვის (ფონტი საჭიროებს დელტა-ჰინტირებას), და

] კედლის ხაზის არასაკმარისი თანაბრობა (რასაც პროფესიული მხატვარ- კონსტრუქტორის ხელი სჭირდება).

BPG Classic-ს აქვს თავისი საკუთარი ლათინური ნაწილი, რომელიც სპეციალურად მისთვის გაკეთდა და მისსავე პროპორციებს უახლოვდება - თუმცა მისი დანიშნულება მხოლოდღა ინდიკატიურია.

მომავალში გათვალისწინებულია BPG Classic-ის ბაზაზე გაკეთდეს ფიქსირებული სიგანისა და სასათაურო (მთავრული) ფონტებიც.


BPG Classic-ის გენეტიკური წინამორბედია BPG-InfoTech სერიის ბიტმაპი ფონტები, რომლებიც ჯერ კიდევ 1988-1989 წლებში გაკეთდა იმ დროს გავრცელებული ტექსტური პროცესორისათვის “Chi-Writer” - ავტორი კომპანია Horstmann Software Design Corp (ახლა აღარსად სჩანს - შესაძლოა ეს ე.წ. ‘ერთი ნაწარმის’ კომპანია იყო). “Chi-Writer”-ზე ყველა იმდროინდელ კომპიუტერის ქართველ მოყვარულს ალბათ ძალზე თბილი და მადლიერი მოგონებები დარჩა.

ამ MS DOS-ის გარემოს გრაფიკულ რეჟიმში მომუშავე პატარა და მოხერხებულმა პროგრამამ (რომელსაც ეკრანისათვის და საბეჭდი მოწყობილობებისათვის ფონტების გასაკეთებელი საკუთარი სისტემა ჰქონდა) საშუალება მოგვცა დაგვეძრა კომპიუტერის გაქართულების გაჭიანურებული საქმე და კარგა ხანს ემსახურა ქართულ ენას. სხვათა შორის, სწორედ “Chi-Writer”-ის მეშვეობით იქნა მომზადებული საქართველოს ისტორიაში პირველი კომპიუტერული ტიპოგრაფიის მასობრივი კომუნიკაციებისათვის განკუთვნილი პროდუქტი - გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი” 1998 წლის გაზაფხულს.

ამრიგად, ისეთი გავრცელებული ქართული კომპიუტერული ფონტებისაგან განსხვავებით როგორიცაა მაგალითად “ჩვეულებრივი”, “გორდა”, “აკადემიური” და სხვა, BPG Classic არ არის რომელიმე ინდუსტრიული სასტამბო შრიფტის კომპიუტერული ასლი - იგი სრულიად ახალი და განსხვავებული პროდუქტია.


BPG Classic არსებობს ორ ვარიანტში - Windows 95/98-სათვის (ჩართული ბიტმაპით) და Windows 3.1-სათვის - BPG Classic W3 (ჩართული ბიტმაპის გარეშე - Windows 3.1 სისტემა არ უზრუნველყოფს ჩართული ბიტმაპის ფუნქციას), მაგრამ მას გააჩნია ჩვეულებრივი მიბმული ბიტმაპი 8, 10, 12 და 14 ზომებისათვის. BPG Classic W3-ში ამას გარდა, თვით აუტლაინის 12 pt ზომა ოპტიმიზებულია ეკრანისათვის (საუკეთესო გამოსახულებას იძლევა). დამატებითი ინფორმაცია ამ ფონტების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ “შავლეგო”-ს გვერდებზე.

BPG Classic-ის ბაზაზე Microsoft-ის აგრეთვე უსასყიდლო [free] პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით შექმნილია დინამიური (პორტაბელური) ფონტი რომელიც თვით ამ ვებ-გვედისათვის გამოიყენება. თუ გნებავთ გამოიყენოთ უსასყიდლო BPG Classic დინამიური ფონტი ან ამ საიტში გამოყენებული სხვა დინამიური ფონტები დაშვებისათვის მოგვმართეთ BPG-InfoTech.

აქვე უპრიანია აღვნიშნოთ, რომ Microsoft-მა კომპიუტერული ფონტების უსასყიდლო პროგრამული პროდუქტების გამოცემით მისასალმებელი ნაბიჯი გადადგა - ზოგჯერ მდიდრებმაც შეიძლება სიკეთე მოიმოქმედონ და ნემსის ყუნწში გაძვრენ.

ფონტი: BPG_Classic

© BPG-InfoTech 1997

This was posted 3 years ago. It has 0 notes.